ადიგენის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს.
მემორიალი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა, გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრებმა, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. მერმა გოჩა ქიმაძემ 14 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრები გაიხსენა, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა გმირი შვილების გაზრდისათვის.
ადიგენის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა რევაზმა გმირებს გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაუხდა.
2008 წელს რუსეთ- საქართველოს ომში, ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები: არტემ ბალახაშვილი, დევი ჩადუნელი და ალექსანდრე ზაზაშვილი დაიღუპნენ. სამი გმირის სახელი მინიჭებული აქვს დაბა ადიგენის ქუჩებს.