მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

მერიის შინაგანაწესი

დანართი №1

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 1.ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესი (შემდგომში-შინაგანაწესი) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია)  საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობისა და ქცევის წესებს, სამუშაო დროის რეჟიმს, შრომის ანაზღაურების და შრომის პირობების დაცვის წესს.

  1. შინაგანაწესი ვრცელდება მერიაში დასაქმებულ ყველა მოსამსახურეზე (შემდგომში – „მოსამსახურე“), მიუხედავად თანამდებობრივი რანგისა და შრომითი ურთიერთობის ფორმისა.
  2. შინაგანაწესის მიზნებია:

ა) მოსამსახურეთათვის დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისთვის ხელის შეწყობა;

ბ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;

გ) მოსამსახურეთა შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება;

დ) სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება;

ე) მოსამსახურეთა კვალიფიკაციის დონისა და პროფესიული ჩვევების გამოვლენის ხელშეწყობა;

ვ) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ოპერატიულობის გაზრდა;

ზ) ხელმძღვანელობასა და მოსამსახურეთა შორის სამსახურებრივი ურთიერთობების მოწესრიგება.

  1. შინაგანაწესით განისაზღვრება:

ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;

ბ) სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო;

გ) დასვენების და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო დღეს, სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ  დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;

დ) სამსახურებრივ საკითხზე გამოცემული განკარგულების საჯარო მოსამსახურეებისთვის გაცნობის წესი;

ე) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;

ვ) საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურში არყოფნის შესახებ შეტყობინების წესი;

ზ) სამსახურებრივი მივლინებისა და შვებულების გაფორმების წესები;

თ) საჯარო მოსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესი;

ი) დაწესებულებასა და საჯარო მოსამსახურეებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

კ) ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების საფუძველი და სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესი.

ლ) ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობის საფუძველი და სახელფასო დანამატის გაცემის წესი.

მ) დაწესებულებასა და საჯარო მოსამსახურეებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

 

მუხლი 2. სამუშაო დრო

  1. სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც მოსამსახურე ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობანი.
  2. სამუშაო დღეებად განისაზღვრება დღეები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
  3. მოსამსახურეებისთვის ხუთდღიანი სამუშაო კვირის პირობებში, ყოველდღიური მუშაობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დღეში 8 საათით, ერთსაათიანი შესვენებით. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო.
  4. სამუშო დღე იწყება 900 საათზე და მთავრდება 1800 საათზე.
  5. შესვენების დრო განისაზღვრება 1300 საათიდან 1400 საათამდე.
  6. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადება კონტროლდება ელექტრონული სააღრიცხვო აპარატის მეშვეობით.
  7. მოსამსახურეს არასაპატიოდ ჩაეთვლება სამსახურში დაგვიანება 35 წუთზე მეტი ხნით 1 კვირის განმავლობაში(აღნიშნული განიხილება, როგორც მსუბუქი დისციპლინური გადაცდომა, გარდა ამ შინაგანაწესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, თუ თანამშრომელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს ადმინისტრაციული შენობის გარეთ).
  8. მოსამსახურეს არასაპატიოდ ჩაეთვლება მერიაში დაგვიანებით გამოცხადება და სამუშაო დროის დასრულებამდე მერიის დატოვება. აღნიშნული განიხილება, როგორც მსუბუქი დისციპლინური გადაცდომა, გარდა ამ შინაგანაწესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, თუ თანამშრომელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს ადმინისტრაციული შენობის გარეთ ან/და დაგვიანებით გამოცხადდა ან სამსახური დატოვა თვეში ჯამში არაუმეტეს 2 საათისა და 40 წუთის განმავლობაში.

 

9.სამუშაო დროის დროებითი ცვლილება (შემცირება) შეიძლება განხორციელდეს გამონაკლის შემთხვევებში, ექსტრემალური პირობების დროს (სტიქიური მოვლენები, ყინვა, განსაკუთრებული სიცხე, თანმდევი ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვით და/ან სხვა ფორსმაჟორული სიტუაციები) და ამ მიზნით დამატებით გამოიცემა მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

  1. სამუშაო დროის განსაზღვრული ვადით ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, დღე-ღამის ხანგრძლივობის სეზონური ცვლილების გათვალისწინებით.
  2. მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება ცალკეული პირების, ან პირთა ჯგუფის მიმართ დაწესდეს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი.

მუხლი 3. სამსახურებრივი მოვალეობებისაგან დროებით გათავისუფლება (day off)

  1. მოსამსახურეს, რომლის სამუშაო დრო განისაზღვრება 09:00 საათიდან 18:00 საათამდე უფლება აქვს კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 4 დღით ისარგებლოს სამსახურებრივი მოვალეობებისაგან დროებით გათავისუფლების უფლებით (შესაბამისი მიზეზის/მიზეზების გარეშე).
  2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლებით სარგებლობის მიზნით, მოსამსახურე ვალდებულია მოხსენებითი ბარათის მეშვეობით, მიმართოს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერს სამსახურებრივი მოვალეობებისაგან დროებით გათავისუფლების თხოვნით.
  3. სამსახურებრივი მოვალეობებისაგან დროებით გათავისუფლების თხოვნის ფორმაში მითითებული უნდა იქნას შესაბამისი უშუალო ხელმძღვანელის სახელი და გვარი, სტრუქტურული ერთეულის სრული დასახელება, სამსახურებრივი მოვალეობებისაგან დროებით გათავისუფლების თარიღი, სამსახურებრივი მოვალეობებისაგან დროებით გათავისუფლების მომთხოვნის სახელი, გვარი და თანამდებობის სრული დასახელება, სამსახურებრივი მოვალეობებისაგან დროებით გათავისუფლების მომთხოვნის ხელმოწერა და თარიღი.
  4. სამსახურებრივი მოვალეობებისაგან დროებით გათავისუფლების თხოვნა ექვემდებარება დაკმაყოფილებას ავტომატურად ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ოდენობის ფარგლებში.
  5. კონტროლი წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე და სამსახურებრივი მოვალეობებისაგან დროებით გათავისუფლების ოდენობის გამოყენებულ/გამოსაყენებელ დღეებზე ევალება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს.
  6. სამსახურებრივი მოვალეობებისაგან დროებით გათავისუფლების უფლების გამოყენება შესაძლებლია 30 კალენდარულ დღეში ერთხელ ამ უფლებით სამსახურებრივი მივლინების დროს სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ობიექტური მიზეზის არსებობის და ამ მიზეზის ამ მუხლით გათვალისწინებულ ფორმაში მითითებით.
  7. წინამდებარე მუხლის მოთხოვნება, ასევე ვრცელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერზე და მის მოადგილეებზე.

 

მუხლი 4. დასვენების და უქმე დღეები

  1. დასვენების დღეებია შაბათი და კვირა.
  2. უქმე (სადღესასწაულო) დღეები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“.

 

მუხლი 5. დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი

1.მოსამსახურის მუშაობა დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, შესვენების დროს, ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ ნებაყოფლობითია.

2.მოსამსახურეს, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, შეუძლია სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ დარჩეს დაწესებულებაში დაწყებული სამუშაოს დასამთავრებლად, ან სამსახურში გამოვიდეს დასვენების ან სადღესასწაულო დღეს.

  1. ხელმძღვანელ პირთა მიერ დასვენების დღეს მოსამსახურის სამუშაოდ გამოძახება დასაშვებია კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან/და ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
  2. წინასწარ გაუთვალისწინებელი სამუშაოს არსებობის შემთხვევაში, ან როდესაც აუცილებელია დასრულებულ იქნეს დაწყებული სამუშაო, რომელიც ვერ დამთავრდა სამუშაო დროის განმავლობაში ტექნიკური პირობების გამო და რომელთა შესრულებაზე დამოკიდებულია მერიის მუშაობა, მოსამსახურე ხელმძღვანელის დავალებით შეიძლება დატოვებულ იქნეს სამსახურში, ან უშუალო ხელმძღვანელის წინადადებით მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გამოძახებულ იქნეს სამუშაო ადგილზე. ამ შემთხვევაში მოსამსახურეს მიეცემა დამატებითი დასვენების დრო, ან სამუშაო დროის გადამეტებით გაწეული (ზეგანაკვეთური) სამუშაო ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რისთვისაც სათანადო ინფორმაციას შესაბამისი პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი წარუდგენს მერს.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამავე პუნქტით დადგენილი წესით შესაძლებელია სამუშაო ადგილზე მერიის რამდენიმე სამსახურის მოსამსახურეთა ერთობლივი გამოძახება.

6.გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს დასვენების ან სადღესასწაულო დღეებში მოქალაქის, ან ორგანიზაციის მომართვის საფუძველზე სათანადო დოკუმენტის (ცნობა და მსგავსი) გაცემასთან, შესაძლებელია ამისთვის უფლებამოსილი 3 პირის მხრიდან გაიცეს მოთხოვნილი დოკუმენტი, რისთვისაც დასაშვებია ამ დღეს განხორციელდეს სათანადო საქმისწარმოება.

 

მუხლი 6. ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების საფუძველი და სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესი

  1. ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტში დასაქმებული ნებისმიერი პირის მიმართ დავალება გაიცემა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის/საკრებულოს თავმჯდომარის, მათი მოადგილეების ან უშუალო ხელმძღვანელების მიერ, მათ ზედამხედველობას დაქვემდებარებული ადიგენის მუნიციპალიტეტში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიმართ.
  2. ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შესახებ დავალება შეიძლება გაიცეს უშუალოდ მერის/საკრებულოს თავმჯდომარის, მათი მოადგილეების მიერ ზეპირი დავალების გაცემის ან უშუალო ხელმძღვანელის მოხსენებით ბარათზე თანხმობის გაცემის სახით.
  3. ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შესახებ დავალება უნდა გაიცეს წერილობითი ფორმით. ამასთან, წერილობით ფორმას უთანაბრდება დავალების გაცემა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის და/ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
  4. ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შესახებ დავალება ან მოხსენებითი ბარათი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შესახებ, (რომელზეც თანხმობას გასცემს მერი/საკრებულოს თავმჯდომარე, მათი მოადგილეები) უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების აუცილებლობის შესახებ.
  5. შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის პირს მიეცემა სახელფასო დანამატი, ყოველი ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათისათვის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს 1%-ის ოდენობით.
  6. მოხელეს, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისთვის ეძლევათ სახელფასო დანამატი ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტით დადგენილი შრომის ანაზღაურების ფონდში არსებული რესურსის შესაბამისად ან ზეგანაკვეთური სამუშაოს პროპორციული დამატებითი დასვენების დრო.)
  7. მოხელის სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს.
  8. ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების აღრიცხვის მიზნით დგება ტაბელი, რომელსაც ხელს აწერს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაზე დავალების გამცემი პირი.
  9. ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის სახელფასო დანამატის ანაზღაურება ხდება მერის/საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

 

მუხლი 7. ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობის საფუძველი და სახელფასო დანამატის გაცემის წესი

  1. ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობის საფუძველი და წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N201 დადგენილებით.
  2. ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისათვის პირს მიეცემა სახელფასო დანამატი, ყოველი ფაქტობრივად ნამუშევარი საათისათვის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს 2%-ის ოდენობით.
  3. ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისათვის სახელფასო დანამატის ანაზღაურება ხდება მერის/საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
  4. დამატებითი ფუნქციების შესრულებისთვის (თანამშრომლის მიერ დროებით არმყოფი პირის ფუნქციების შესრულება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან გათავისუფლების გარეშე) სახელფასო დანამატი გაიცემა ადიგენის მერიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების გათვალისწინებით.
  5. სახელფასო დანამატის საერთო ოდენობა განისაზღვრება ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის  26-ე მუხლის მიხედვით.

 

მუხლი 8. სამსახურში გამოუცხადებლობის (არყოფნის) შეტყობინების წესი

  1. წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია მერს წარუდგინოს განცხადება სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით.
  2. ავადმყოფობის მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა.
  3. წინასწარ უცნობი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია შეძლებისდაგვარად სამსახურში გამოცხადებამდე აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს არყოფნის მიზეზი და სავარაუდოდ სამსახურში გამოცხადების პერიოდი. სამსახურში გამოცხადების შემდეგ მოსამსახურე მოთხოვნის შესაბამისად წარადგენს ახსნა- განმარტებით ბარათს სამსახურში არყოფნის თაობაზე.
  4. მოსამსახურეს გაცდენილი დღეები ჩაეთვლება საპატიოდ შესაბამისი განცხადების საფუძველზე და მერის და შესაბამისი სამსახურის კურატორი მერის მოადგილის მხრიდან დადებითი (დამაკმაყოფილებელი) რეზოლუციის შემთხვევაში და გაცდენილ დღეებში, რომელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ზედიზედ 5 სამუშაო დღეს, უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო. პასუხისმგებელი პირის შემთხვევაში, ამ პირის მოვალეობის შემსრულებლის განსაზღვრის მიზნით გამოიცემა მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
  5. არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურეს ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება.
  6. სისტემატურად არასაპატიო მიზეზით გაცდენის ან დაგვიანების შემთხვევაში დამრღვევის მიმართ შესაძლებელია გატარდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.
  7. მოსამსახურის პასუხისმგებლობა სამსახურში გამოუცხადებლობის შესახებ გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით და ამ შინაგანაწესით.
  8. სამუშაო საათების განმავლობაში მოსამსახურეს უფლება აქვს განსაზღვრული დროით გავიდეს სამსახურიდან მხოლოდ უშუალო ხელმძღვანელის თანხმობის შემდეგ.
  9. მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივი საქმიანობის გამო თავისი მოვალეობის შესასრულებლად, ან ხელმძღვანელის დავალებით იმყოფება მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ, ითვლება სამსახურში მყოფად.

 

 

 

მუხლი 9. მოსამსახურის მივლინების წესი

1.მოსამსახურის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილს ფარგლებს გარეთ ფორმდება მერის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.

2.მივლინების შესახებ მერის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მოსამსახურეს მივლინებისას ეძლევა სამივლინებო ფურცელი (მივლინების მოწმობა).

3.მივლინებისას მოსამსახურეს სამივლინებო ფურცელს უფორმებს მერიის ადმინისტრაციული სამსახური.

4.სამივლინებო ფურცელში აისახება:

ა) მოსამსახურის სახელი და გვარი;

ბ) მოსამსახურის თანამდებობა;

გ) მივლინების ადგილი;

დ) მივლინების ვადა:

ე) მივლინების საფუძველი (მერის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი);

ვ) მივლინების გაფორმების თარიღი და ნომერი;

ზ) სამუშაო ადგილიდან წასვლის და სამუშაო ადგილზე დაბრუნების თარიღები.

  1. სამუშაო ადგილიდან წასვლის და სამუშაო ადგილზე დაბრუნების თარიღები მოწმდება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ხელმოწერით და მერიის ბეჭდით.
  2. მოსამსახურეს სამივლინებო თანხა ავანსის სახით უნდა მიეცეს მივლინებაში გამგზავრებამდე (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა), რისთვისაც, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი მერის შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაუყოვნებლივ აგზავნის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში.
  3. მოსამსახურეს, სამივლინებო დოკუმენტაციის გაფორმებისას მისი მხრიდან გამოთქმული შესაბამისი სურვილის შემთხვევაში, სამივლინებო თანხა შეიძლება მიეცეს მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, ფაქტობრივად გაწეული შესაბამისი ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარდგენიდან არა უგვიანეს 30 დღისა, რის შემდგომაც სრულდება ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი ვალდებულება.
  4. მივლინებიდან დაბრუნებულმა მოსამსახურემ სამივლინებო ფურცელი და მივლინებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში.
  5. მივლინებიდან დაბრუნებული მოსამსახურის მიერ წარმოდგენილ სამივლინებო დოკუმენტაციას, მერის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თანდართვით, მერიის ადმინისტრაციული სამსახური საბუღალტრო ანგარიშსწორებისთვის წარუდგენს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს.
  6. ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიან მივლინებაში მოსამსახურის გაგზავნის წესი, მისი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების და კომპენსაციის ოდენობა და პირობები, აგრეთვე მასთან დაკავშირებული სხვა სოციალური გარანტიები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
  7. მივლინების ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 10.ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

1.მოსამსახურეს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, ყოველწლიურად 24 სამუშაო დღის ოდენობით.

2.მოსამსახურეს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თანამდებობაზე დანიშვნიდან 11 თვის გასვლის შემდეგ. უფლებამოსილი პირის თანხმობით მოხელეს შვებულება შეიძლება ამ ვადის გასვლამდეც მიეცეს. თანამდებობაზე დანიშვნიდან 1 წლის გასვლის შემდეგ მოხელეს შვებულება კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს მიეცემა.

  1. შვებულების მოთხოვნის შესახებ განცხადება წარედგინება მერს საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე 5 დღით ადრე მაინც. აღნიშნული ვადის შემცირება დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევაში, მოსამსახურის მიერ დასაბუთებული განცხადების წარმოდგენისას.

4.შვებულების მოთხოვნის შესახებ განცხადება მოსამსახურის მიერ წინასწარ უნდა შეთანხმებულ იქნეს უშუალო ხელმძღვანელთან. უშუალო ხელმძღვანელი უფლებამოსილია უარი თქვას თანხმობის გაცემაზე, თუ მოცემულ პერიოდში სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე მიზანშეწონილი არ არის მოსამსახურის მიერ შვებულებით სარგებლობა.

5.იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურე სამუშაო წლის განმავლობაში სამსახურებრივი დატვირთვიდან გამომდინარე ვერ ისარგებლებს კუთვნილი შვებულებით, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს შვებულების მომდევნო წელს გადატანა.

6.მოსამსახურე უფლებამოსილია, მერის თანხმობით, ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს კუთვნილი შვებულება.

  1. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, მერის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის საფუძველზე დასაშვებია მოსამსახურის შვებულებიდან გამოძახება მისივე თანხმობით. ამ შემთხვევაში, მოსამსახურეს ეძლევა უფლება შვებულების გამოუყენებელი დღეებით ისარგებლოს სურვილისამებრ, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, რომლის შემთხვევაშიც ასევე გამოიცემა მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
  2. მოსამსახურე ვალდებულია შვებულების დასრულებისთანავე დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს, რაზედაც სათანადო კონტროლი ხორციელდება შესაბამისი სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ. ამ პუნქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა დაუყოვნებლივ ეცნობება მერს.
  3. ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის დროს დროებითი შრომისუუნარობის წარმოქმნის შემთხვევაში, დროებით შრომისუუნარობის გამო ანაზღაურება გაიცემა დროებით შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე. ამ შემთხვევაში შვებულების დღეები გადაიწევს საავადმყოფო ფურცელში მითითებული დღეების რაოდენობით.
  4. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.
  5. მოსამსახურის მიერ პროფესიული განვითარებისათვისსარგებლობის წესი განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.
  6. მერიის შეუფერხებელი საქმიანობის მიზნით, ყოველი წლის დასაწყისში, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების მიერ წარმოდგენილი ნუსხის საფუძველზე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ დგება მოსამსახურეთა შვებულებით სარგებლობის წლიური გრაფიკი, რომელსაც ამტკიცებს მერი.

 

მუხლი 11. ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

  1. მოსამსახურის ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობის წესი, განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.
  2. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას მოსამსახურე ვალდებულია 2 კვირით ადრე აცნობოს მერს და უშუალო ხელმძღვანელს შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

 

მუხლი 12. ხელფასის გაცემის დრო და ადგილი

  1. მოხელის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და დანამატს, რაც გათვალისწინებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
  2. მოსამსახურეზე ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ, ყოველი თვის მესამე დეკადაში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, თანხის მოსამსახურეთა საბანკო ანგარიშზე დარიცხვით.

 

მუხლი 13. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები

  1. ხელმძღვანელობა ვალდებულია მოსამსახურეებს შეუქმნას შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობები.
  2. მოსამსახურეთათვის შესასრულებლად სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები.
  3. მოსამსახურე სამსახურში მიღებისთანავე ან გარკვეული სამუშაოს შესრულებისას ვალდებულია გაეცნოს შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნებს. მოსამსახურისთვის შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების პირობების გაცნობას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. მოსამსახურე პირადი ხელმოწერით ადასტურებს პირობებისა და მოთხოვნების გაცნობას. ხელწერილი თან ერთვის მოსამსახურის პირად საქმეს.
  4. შრომის დაცვის სფეროში მოსამსახურე ვალდებულია:

ა) პირნათლად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი;

ბ) შეასრულოს ხელმძღვანელის ბრძანება, დავალება და მითითება, რომელიც გაცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში;

გ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება;

დ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს სამსახურის მუშაობას და ლახავს საჯარო სამსახურის ავტორიტეტს;

ე) გაუფრთხილდეს სამსახურის საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები;

ვ)დაიცვას საჯარო მოსამსახურეთა ქცევის წესები და შინაგანაწესის მოთხოვნები:

ზ) წესრიგში იქონიოს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე და სიმშვიდე დაწესებულებაში; თ) იყოს კოლეგიალური, თავაზიანი, კორექტული მოქალაქეებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში;

ი)ქმნიდეს პოზიტიურ-გარემოს მოქალაქეებთან, საზოგადოებასთან ურთიერთობისას, აგრეთვე სატელეფონო საუბრის დროს.

  1. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოსამსახურე ვალდებულია:

ა) დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები;

ბ) ხანძრის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სახანძრო დაცვის სამსახურებს;

გ) სახანძრო დაცვის სამსახურების მისვლამდე შეძლებისდაგვარად მიიღოს ზომები ადამიანების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, კერძო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების გადასარჩენად, ხანძრის ჩასაქრობად;

დ) დაეხმაროს ხანძრის ჩაქრობაში სახანძრო დაცვის სამსახურებს.

  1. მოსამსახურეს ეკრძალება:

ა) ადმინისტრაციულ შენობაში (შენობებში) ხანძარსაშიში და ადვილად აალებადი ნივთიერებების და საგნების შეტანა;

ბ) ადმინისტრაციულ შენობაში (შენობებში) ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა;

გ) ადმინისტრაციულ შენობაში (შენობებში) ასაფეთქებელი ნივთიერებების შეტანა;

დ) ადმინისტრაციულ შენობაში (შენობებში) ტოქსიკური, ფსიქოტროპული, რადიოაქტიური და სხვა სახის მავნე ნივთიერებათა შეტანა;

  1. მოსამსახურემ უნდა შეასრულოს ხელმძღვანელის დავალება, რომელიც არ შედის სამსახურებრივ მოვალეობათა რიცხვში, თუ ამის გაკეთება აუცილებელია სტიქიური 6 უბედურებისა და უბედური შემთხვევის დროულად ასაცილებლად, ქონების დაღუპვისა და გაფუჭებისაგან გადასარჩენად, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ასეთი დავალების შესრულება საზიანოა მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის ან აშკარად აღემატება მის შესაძლებლობებს.

 

მუხლი 14. თამბაქოს მოწევის ადგილი და წესი

1.ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში, მერიისათვის განკუთვნილ ფართზე – მერიის სამუშაო ოთახებში, მოქალაქეთა მისაღებში, კორიდორსა და სააქტო დარბაზში აკრძალულია თამბაქოს მოწევა.

  1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში თამბაქოს მოწევისთვის სპეციალური ადგილი გამოიყოფა მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
  2. ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში განთავსებულ ადმინისტრაციულ შენობებში და იმ სამსახურების სამუშაო ადგილებზე, რომლებიც განთავსებულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის ფარგლებს გარეთ, თამბაქოს მოწევა დაშვებულია მხოლოდ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
  3. ამ მუხლით გათვალისწინებულ თამბაქოს მოსაწევ ადგილებზე უნდა განთავსდეს შესაბამისი აბრები და ნაგვის ურნები.
  4. თამბაქოს მოწევა საამისოდ გამოყოფილი სპეციალური ადგილის ფარგლებს გარეთ ჯარიმდება ხუთი ლარით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო ერთი წლის განმავლობაში დამრღვევის მიერ განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება ჯარიმდება ორმოცდაათი ლარით.
  5. თამბაქოს მოწევის შეზღუდვისთვის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნების განზრახ დარღვევისთვის მოსამსახურეთა მიმართ შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა.

მუხლი 15. მოსამსახურის შეღავათები

  1. მოსამსახურის მოტივაციის გაზრდის, მისი საქმიანობის ეფექტურობის ხელშეწყობის მიზნით, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედებს მოსამსახურისთვის გათვალისწინებული შემდეგი შეღავათები:

ა) მოსამსახურე, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში 2 საათის ოდენობით. აღნიშნული შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება საერთო წესით;

ბ) მოსამსსახურე უფლებამოსილია, სამუშაო დროის განმავლობაში ეწეოდეს პედაგოგიურ/საგანმანათლებლო საქმიანობას.

გ) მოსამსახურე უფლებამოსილია, ისწავლოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე, გაიაროს ტრენინგები, სემინარები ან განახორციელოს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვა საქმიანობა.

  1. მოსამსახურე ვალდებულია, აცნობოს დამსაქმებელს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების შესახებ (დანართი N2). დასაქმებულის ინდივიდუალური გრაფიკი უნდა შეთანხმდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან.
  2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოება გავლენას ახდენს მოსამსახურის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ხარისხზე, დამსაქმებელი უფლებამოსილია, უარი თქვას მოსამსახურის დროებით გათავისუფლებაზე.

 

 

მუხლი 16. წახალისებისა და პასუხიმგებლობის სახე და გამოყენების წესი

  1. სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისთვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალიწინებული წახალისების ფორმები.
  2. დისციპლინური გადაცდომისა და შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში მოსამსახურეს ეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.

 

მუხლი 17. მოსამსახურის წახალისება

  1. მოსამსახურის შეფასების შედეგების შესაბამისად წესდება მოსამსახურის წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;

გ) ფასიანი საჩუქრის მიცემა.

  1. მოხელის წახალისების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
  2. მოხელის ფულადი ჯილდოს ზედა ზღვარი განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.
  3. მოსამსახურის წახალისების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მერი, შესაბამისი პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე.

 

მუხლი 18. დისციპლინური პასუხისმგებლობა

1.დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს:

ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა;

ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა;

გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.

  1. დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი.
  2. დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ:

ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას;

ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო  დაწესებულების რეპუტაციას;

გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას;

დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს;

ე) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხელე იმყოფება ალკოჰოლური თრობის ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.

ვ) მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალისწინებულ შეფასებაზე;

ზ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა.

  1. დისციპლინური გადაცდომისთვის, მოსამსახურის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:

ა)  მსუბუქი  დისციპლინალური გადაცდომისთვის მოხელეს მიეცეს გაფრთხილება-;

ბ) მძიმე დისციპლინალური გადაცდომისთვის მოხელეს მიეცეს  საყვედური;

გ) მძიმე დისციპლინალური გადაცდომისათვის შეიძლება თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;

დ) სამსახურიდან გათავისუფლება.

3.მოსამსახურის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მერი, შესაბამისი პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინადადების საფუძველზე.

  1. მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება მერმა მიიღოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მხრიდან შემოსული წინადადების გარეშეც.
  2. მერი უფლებამოსილია დისციპლინური წარმოებისას მოსამსახურე ჩამოაშოროს სამსახურს. ამ საფუძვლით სამსახურს ჩამოშორებულ მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო დანამატებთან ერთად.
  3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უფლებამოსილია ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოსამსახურე  ჩამოაშოროს სამსახურს მოცემული სამუშაო დღის განმავლობაში. ამ საფუძვლით სამსახურს ჩამოშორებულ მოსამსახურეს არ ეძლევა ხელფასი სამსახურიდან ჩამოშორების პერიოდისათვის.
  4. ერთი დისციპლინური გადაცდომისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.

8.დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირს უფლება აქვს, მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს ვადაზე ადრე მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ მას არ ჩაუდენია ახალი დისციპლინური გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა მოხელემ.

  1. თუ მოსამსახურეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.
  2. თუ მოსამსახურის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხიმგებლობის ნებისმიერი ზომა, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოსამსახურე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან.
  3. მოსამსახურე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.
  4. მოსამსახურე, რომელიც თვითნებურად, არასაპატიო მიზეზით წელიწადში 5 დღეზე მეტი ხნით მიატოვებს სამსახურს, განთავისუფლებულად ჩაითვლება სამსახურის თვითნებური დატოვების მეორე სამუშაო დღიდან.
  5. მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლდეს შესაბამისი სამედიცინო დასკვნით დადასტურებული ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო სამსახურში ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის განმავლობაში 6 თვის გამოუცხადებლობის შემთხვევაში.
  6. მოსამსახურე სამსახურიდან თავისუფლდება ასევე იმ შემთხვევაში, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, არ იძლევა დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას და შეუძლებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანა ამ კანონით დადგენილი წესით.
  7. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე ადრე მოხსნა  აღინიშნება პირად საქმეში შეტანითა. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების, დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადის გასვლის და დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ ინფორმაციები აისახება საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

 

 

მუხლი 19. მოსამსახურეთა უფლებები და ვალდებულებები

  1. მოსამსახურეთა უფლებები, ვალდებულებები, გარანტიები და ქცევის ზოგადი წესები განსაზღვრულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და მერიის დებულებით.
  2. მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება მერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
  3. მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ვალდებულია დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც სამსახურს ეხება და მის სამსახურებრივ ადგილს უკავშირდება.

 

მუხლი 20. მოსამსახურის მატერიალური პასუხისმგებლობა

  1. მერიის ადმინისტრაციული სამსახური ვალდებულია მუდმივად განახორციელოს კონტროლი მერიის სარგებლობაში არსებულ მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებაზე და მათი დაზიანების ან სხვა სახით მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მიმართოს მერს სათანადო ზომების მისაღებად.
  2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) განახორციელოს კონტროლი იმ ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე, რომელიც გადაცემული აქვს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულს ან/და სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფს (ქვედანაყოფებს);

ბ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს მერს და მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს, მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის (სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფების) კონტროლქვეშ მყოფი ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის თაობაზე;

გ) ქონების დაზიანების შემთხვევაში, მერს წარუდგინოს ახსნა-განმარტებითი ბარათი.

  1. მოსამსახურე პასუხისმგებელია მისთვის გადაცემული ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე. იგი ვალდებულია:

ა) ქონება გამოიყენოს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის;

ბ) ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის შესახებ აცნობოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან/და სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფის ხელმძღვანელს;

გ) არ გადასცეს თავის მფლობელობაში არსებული ქონება სხვა მოსამსახურეს უშუალო  ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე.

  1. მერიისათვის ქონებრივი ზიანის მიყენების, ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა.
  2. მერიის სარგებლობაში აღრიცხულ მატერიალურ ფასეულობათა გატანა, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, დასაშვებია მერის თანხმობით, რომლის თაობაზეც დგება წერილობითი აქტი.

 

მუხლი 21. სამსახურიდან განთავისუფლება და განთავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებანი

  1. სამსახურიდან განთავისუფლების საფუძვლები მერიის თანამდებობის პირთათვის განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, ხოლო მერიის სხვა მოსამსახურეებისთვის – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
  2. სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ მოსამსახურე ვალდებულია პასუხისმგებელ პირებს დაუბრუნოს ყველა ის მატერიალური ფასეულობა, რომელიც მას სარგებლობაში გადაეცა მერიაში მუშაობის პერიოდში.
  3. მოსამსახურე ვალდებულია სამსახურიდან განთავისუფლებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს მის სარგებლობაში არსებული მატერიალური ფასეულობების, სამსახურებრივი მოწმობებისა და დოკუმენტაციის ჩაბარების დამადასტურებელი აქტი, მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მატერიალური პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ, მოსამსახურესთან უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშსწორება.

 

 

მუხლი 22. შინაგანაწესის შესრულება

  1. შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად მერიის ყველა მოსამსახურისთვის, ხოლო შინაგანაწესის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით და მე-14 მუხლით დადგენილი მოთხოვნები ასევე, მერიაში (ასევე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში განთავსებულ ადმინისტრაციულ შენობებში და იმ სამსახურების სამუშაო ადგილებზე, რომლებიც განთავსებულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის ფარგლებს გარეთ) მომსვლელი ყველა მოქალაქისთვის
  2. შინაგანაწესი გამოიკვრება მერიაში (ასევე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში განთავსებულ ადმინისტრაციულ შენობებში და იმ სამსახურების სამუშაო ადგილებზე, რომლებიც განთავსებულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის ფარგლებს გარეთ) სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას.
  3. ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობაში წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმებია:

ა) ვიდეო თვალთვალის სისტემა შენობის სართულებზე და შენობის გარე პერიმეტრზე;

ბ) თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები;

გ) ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული ევაკუაციის გეგმა.

  1. მოსამსახურე ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით ხელწერილზე. ხელწერილი შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე თან ერთვის მოსამსახურის პირად საქმეს.
  2. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში მოსამსახურეს ეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.

 

მუხლი 23. შინაგანაწესში ცვლილების შეტანა

შინაგანაწესში ცვლილების შეტანა ხორციელდება მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
შენი იდეა ადიგენს
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის ერთიანი სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
ოქტომბერი 2024
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031