ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ზურა ბეთხოშვილი, სპორტის, ტურიზმის, ქალისა და მამაკაცის განყოფილების ხელმძღვანელი თამუნა ვარდიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინა კაპანაძე „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.
შეხვედრაზე მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა პრეზენტაცია გამართეს, ხოლო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა ძუძუს კიბოს პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მონაწილეებს „ვარდისფერი ოქტომბრის“ სიმბოლო ვარდისფერი სამკერდე ბაფთები გადაეცათ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები, მასწავლებლები და ადგილობრივები.
საინფორმაციო შეხვედრა მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოსა და სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის ჩართულობით გაიმართა.