მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა-დაბა ადიგენში ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
დღეს, დაბა ადიგენში, 9 აპრილის მემორიალი ტრადიციულად ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს – ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, შმაგი ბიძიშვილმა, მოადგილეებმა, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა, სოფელი ბოლაჯურისა და სმადის საჯარო სკოლების პედაგოგებმა, მოსწავლე-ახალგაზრდებმა და საზოგადოების წევრებმა.
დღესვე, დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი დაბა ადიგენის ეკლესიის წინამძღვარმა მამა რევაზმა გადაიხადა.
შეკრებილებმა 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი მოვლენები გაიხსენეს, მოსწავლე-ახალგაზრდებმა კი ლექსებით მიაგეს პატივი დაღუპულთა ხსოვნას.
„დღეს, ვიხსენებთ 9 აპრილის მოვლენებს და თავისუფლებისათვის დაღუპულ გმირებს, რომელთა ღვაწლს და თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაუვლია. 9 აპრილის მოვლენებმა უდიდეს ისტორიას დაუდო საფუძველი, ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირებს და პატივს მივაგებ მათ ხსოვნას“, – აღნიშნა მერმა გოჩა ქიმაძემ.
35 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათასობით ადამიანი მოიწამლა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ. 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს კი მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი ეროვნულ დღესასწაულად და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.