ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფება და ადგილზე ეცნობა სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას.
სტიქიის პირველივე წუთებიდან, მერთან ერთად იმყოფებოდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, მერიის, საკრებულოს, ადიგენის სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და მერიაში შექმნილი სპეციალური კომისიის წარმომადგენლები. სპეციალური ტექნიკა გვიან ღამემდე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ გომაროში ხევი კალაპოტს დაუბრუნდა, იწმინდება გზები, ხოლო სოფელ შოყაში გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა. პარალელურად, მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია ზარალის ოდენობის დასადგენად მუშაობას აგრძელებს.
ადიგენში მოსულმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა სოფელ გომაროში, ქვემო ენთელსა და შოყაში. სოფელ გომაროში მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა ორი საცხოვრებელი სახლი, ქვა-ღორღის მასაში მოექცა ავტომობილი. სოფელ ქვემო ენთელში დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ხოლო სოფელ შოყაში საგზაო ინფრასტრუქტურა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.