სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი სოფელ უდეში სახალხო დღესასწაულს „ანთიმოზობას“ დაესწრნენ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსოვნისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, რიმნიკის მთავარეპისკოპოსმა ბარსანუფმა და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ, სასულიერო პირებთან ერთად აღავლინეს.
წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე თეოდორემ, მთავარეპისკოპოსმა ბარსანუფმა და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ შეკრებილ საზოგადოებას დღესასწაული მიულოცეს. მერმა ასევე განაცხადა, რომ მრავალწლიანი ღვაწლისა და მუნიციპალიტეტისადმი განსაკუთრებული კეთილგანწყობისთვის მთავარეპისკოპოს ბარსანუფს „ადიგენობის“ დღესასწაულზე საპატიო ადიგენელის წოდება მიენიჭება. ღონისძიება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტით გაგრძელდა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე არსენ ბლახაშვილი,მოადგილე სოსო რეხვიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.