მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

სოფელ გომაროსა და შოყაში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა მომზადებულია
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროსა და შოყაში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა მომზადებულია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, 2026 წლის 23 ივლისს უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა სოფელ გომაროსა და შოყაში არსებული ხევების სათავეებში სანაპირო ტიპის მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია, რაც მასშტაბურ ღვარცოფულ პროცესებში გადაიზარდა. შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, სატრანსპორტო საშუალებები და ინფრასტრუქტურული ობიექტები.
სპეციალისტებმა სოფელ გომაროში სტიქიის ზონაში მდებარე 9 მოქალაქის საცხოვრებელი სახლი, საკარმიდამო ნაკვეთი და ინფრასტრუქტურული ობიექტები შეაფასეს. შეფასების შედეგად დადგინდა, რომ 3 ოჯახი დაუყოვნებლივ გადაყვანილი უნდა იქნას გეოლოგიურად მდგრად ადგილზე. უნდა გაიწმინდოს დაზიანებული საკარმიდამო ნაკვეთები ღვარცოფული ნატანი მასალისგან და ადგილობრივი ძალებით მუდმივი მონიტორინგი განხორციელდეს. ასევე, რეკომენდებულია ღვარცოფული ხევის კალაპოტის პერიოდული გაწმენდა, მისი დაღრმავება და გასწორხაზოვნება. ხევის შუა და ქვედა წელში ორივე ნაპირზე კაპიტალური ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა.
რაც შეეხება სოფელ შოყას, დასკვნის მიხედვით, აუცილებელია ღვარცოფული ხევის კალაპოტის პერიოდული გაწმენდა, დაღრმავება-გასწორხაზოვნება და ხევის შუა და ქვედა წელში, მარცხენა ნაპირზე, კაპიტალური ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე გააგრძელებს შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.