საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტში გამწვანების მასშტაბური ღონისძიება გაიმართა.
აქციაში ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები, ასევე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პირველკლასელები, მათი მშობლები და პედაგოგები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, დაბა ადიგენში, 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, 5 სახეობის 150 ხე-მცენარე დაირგო.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელის ჩართულობას ითვალისწინებს.
პროგრამის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.
პროგრამის მიზანია მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნებაზე ზრუნვის წახალისება და გამწვანების პროცესში მათი აქტიური ჩართულობა.