სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე და მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების წარმომადგენლები მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.
ამ ეტაპზე დაბა ადიგენში სამ ქუჩაზე, 1260-მეტრიან მონაკვეთზე ეწყობა ასფალტის საფარი და ტროტუარები. ასევე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში მიმდინარეობს სკვერების მოწყობა.
სოფელ იჯარეთსა და უდეში შიდა საუბნო გზების 1037-მეტრიან მონაკვეთზე იგება ბეტონის საფარი. აქტიურ ფაზაშია მოხე-დერცელის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის სამუშაოები, სადაც 1361-მეტრიან მონაკვეთზე ეწყობა ასფალტის საფარი. პროექტებში გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების, მიერთებებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა. ასევე დასრულდა სოფელ უტყისუბანში შიდა საუბნო გზის მოწყობა.
მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. სოფელ ლელოვანში მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედნის მშენებლობა.
ინფრაასტრუქტურული პროექტების ღირებულება ჯამში 2 მილიონ ლარზე მეტია. პროექტების ნაწილი სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება ნაწილი კი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.