სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან გიორგი ქოჩიაშვილთან, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან, გოჩა ქიმაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილთან და მერის პირველ მოადგილესთან არსენ ბალახაშვილთან ერთად, ადიგენის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.
სახელმწიფო რწმუნებულმა, დაბა ადიგენში ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც აქტიურ ფაზაშია. პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული შენობისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობას, რომელიც 210 მაყურებელზეა გათვლილი. სტადიონზე ასევე იქნება ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა – გასახდელები, სველი წერტილები და სატრენაჟორო დარბაზი.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 327 460 ლარია. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს სოფელ პატარა ზანავში მიმდინარე სამუშაოები, სადაც შიდა საუბნო გზის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია ასევე ხორციელდება სოფელ ლელოვანში, სამყურში, ამხერსა და იმერთუბანში, ხოლო სამუშაოები უკვე დასრულებულია წრეში, გომაროში და დიდ ზანავში.