ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქიმაძემ 2025 წელს განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა და წლიური ანგარიში მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს წარუდგინა.
როგორც გოჩა ქიმაძემ აღნიშნა, 2025 წელი ადიგენისთვის წარმატებული იყო.
„თითოეულმა პროექტმა და ინიციატივამ პირდაპირი გავლენა მოახდინა მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და მუნიციპალიტეტის განვითარებაზე. მადლობა თითოეულ მოქალაქეს, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატ დეპუტატს ანტონ ობოლაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს შმაგი ბიძიშვილს, მერიის და ააიპების თანამშრომლებს მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის,“ – აღნიშნა მერმა.
მისივე თქმით, 2025 წლის საერთო ბიუჯეტი 35 134 000 ლარს შეადგენდა.
„საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტი იყო. განხორციელდა 55 პროექტი, მოწესრიგდა 23 კმ-ზე მეტი გზა, რომლის ღირებულება 12 მლნ ლარზე მეტია. წყლის მომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის13 პროექტის ღირებულებამ 431 984 ლარი შეადგინა. ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციის 7 პროექტი განხორციელდა 381 207 ლარის ღირებულებით, ასევე მოეწყო სანიაღვრე არხებისა და სარწყავი სისტემები, რომელთა ღირებულება 225 756 ლარია“, – განაცხადა მერმა.
მისივე თქმით, რეაბილიტირდა 12 ობიექტი, რომლის ღირებულებამ 840 427 ლარი შეადგინა, მოწესრიგდა გარე განათების ქსელი.
„აშენდა სამი ახალი საბავშვო ბაღი, ერთი რეაბილიტირდა, ხოლო ორის რეაბილიტაცია ამჟამად მიმდინარეობს. საჯარო სკოლების მიმართულებით, ერთი სკოლა რეაბილიტირდა, ხოლო ორი ახალი სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამის გარდა, 2 საბავშვო ბაღსა და 5 საჯარო სკოლაში განხორციელდა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის ღირებულება 418 962 ლარია. მოეწყო სკვერები და პარკები, ჯამში 8 პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 381 373 ლარია. სპორტული და კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით 8 პროექტი განხორციელდა, ღირებულებით 699 526 ლარი, ასევე შეძენილია 31 400 ლარის სპორტული ინვენტარი. ორ სოფელში დამონტაჟდა თანამედროვე გარე გამოყენების მონიტორები, რომელთა საერთო ღირებულება 86 700 ლარია.
ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მიმართულებით მუნიციპალიტეტმა დახმარება გაუწია 1 993-ზე მეტ ბენეფიციარს, რომელთა ჯამური თანხა 1 023 363 ლარია. მერის სტიპენდია გადაეცა 30 სტუდენტს, ჯამში 27 000 ლარის ოდენობით. 100%-იანი გრანტის მფლობელ სტუდენტს მერიისგან გადაეცა 2 500 ლარი. 25 ოქროსა და 6 ვერცხლის მედალოსანს სკოლის მოსწავლეს ჯამში 8 400 ლარი გადაეცათ. სპორტის სხვადასხვა მიმართულებით, მუსიკის სფეროში წარმატებულ მოსწავლეებსა და ესეების კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი საჩუქრები. პირველკლასელებს სასკოლო კომპლექტები, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს კი საახალწლო საჩუქრები დაურიგდებათ“, – განაცხადა გოჩა ქიმაძემ.
წლიური ანგარიშის პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, მოადგილეები, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები და საკრებულოს წარმომადგენლები.