დაბა ადიგენში „ადიგენობა 2025“ საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ანტონ ობოლაშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, რწმუნებულის მოადგილეები გიორგი ქოჩიაშვილი და სერგი მუშკუდიანი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხელმძღვანელმა პირებმა ადგილობრივებსა და მობრძანებულ სტუმრებს დღესასწაული მიულოცეს. ტრადიციულად დაასახელეს და დააჯილდოვეს ადიგენის საპატიო მოქალაქეები, ხოლო სკოლის პედაგოგებს განსაკუთრებული საქმიანობისა და გაწეული შრომისთვის საპატიო სიგელები გადასცეს.
სახალხო დღის აღსანიშნავად მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული, შემოქმედებითი, მხატვრული და საბავშვო ღონისძიებები გაიმართა. მოეწყო ნიაზ ჩირგაძის სახელობის ჩემპიონატის ფინალური თამში, სადაც ჭეჭლას გუნდმა ჭულე დაამარცხა. მონაწილე გუნდებს ადიგენის მერის მოადგილემ სოსო რეხვიაშვილმა, მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მერიისგან ფულადი საჩუქრები, მედლები და თასები გადასცა.
ამის პარალელურად დაბა ადიგენის ცენტრალურ პარკსა და მის მიმდებარედ მოეწყო სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ძიუდოში, ჭიდაობასა და ჭადრაკში, სადაც გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ, ასევე გამოფენილი იყო რეწვის ოსტატების ნამუშევრები და ნახატები, მობრძანებულმა სტუმრებმა და ადგილობრივებმა მესხური სამზარეულოს ტრადიციული კერძებიც დააგემოვნეს.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში მაყურებლის წინაშე „თორღვა“ წარსდგა, კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლებისა და ჯგუფ „სეზონის“ მონაწილეობით გაგრძელდა და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა. ღონისძიება ყველასათვის საყვარელმა და ცნობილმა მსახიობებმა ნიკა არაბიძემ და პაატა გულიაშვილმა წაიყვანეს.