ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილთან, მოადგილე სოსო რეხვიაშვილთან და ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელ ნანა მამულაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში იმყოფებოდა, სადაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს გაეცნო.
მერმა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში არსებული საჭიროებების შესახებ ბაღების დირექციისა და აღმზრდელებისგან ინფორმაცია მოისმინა და მათთან ერთად სასწავლო პროგრამები მიმოიხილა. საუბარი შეეხო უსაფრთხოების, ბავშვთა კვების ხარისხისა და ინფრასტრუქტურულ საკითხებს.
გოჩა ქიმაძის განცხადებით, სკოლამდელი აღზრდის სისტემის განვითარება მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. როგორც მერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ჰქონდეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო და კომფორტული გარემო, ხოლო აღმზრდელები უზრუნველყოფილნი იყვნენ საჭირო რესურსებითა და მხარდაჭერით, რათა მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ბავშვებმა ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მიღება შეძლონ.
გოჩა ქიმაძის თქმით, მუნიციპალიტეტის მერია სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით საბავშვო ბაღების მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.