„მადლიერების დღე“- ამ სახელწოდებით, დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლაში, ღვაწლმოსილი პედაგოგის ნათელა სარიშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე დაესწრო, რომელმაც ღვაწლმოსილ პედაგოგს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა, სკოლის ბიბლიოთეკას კი საჩუქრად წიგნები გადასცა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, პედაგოგები, მოსწავლეები და სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებმაც პედაგოგის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს.
უდიდესი პასუხისმგებლობა და პროფესიული ხიბლია იყო პედაგოგი, წარმატებული პროფესიონალი, სიყვარულით და პატივისცემით მოსილი, სამაგალითო კოლეგებისა და მოსწავლეებისთვის, ხოლო საზოგადოებისთვის ზნეობრივი სახე და მაგალითი-სწორედ ასე დაახასიათეს პედაგოგი, რომელიც უკვე 46 წელზე მეტია, ადიგენის სოფელი ბოლაჯურის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. მას თითქმის ნახევარ საუკუნეზე მეტ გამოცდილებასთან ერთად, უდიდესი დამსახურება აქვს თაობების აღზრდისა და სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბების პროცესში. დღემდე კი დიდი მოტივაციითა და ენთუზიაზმით აქტიურადაა ჩართული სკოლის განვითარებისა და სტრატეგიული გეგმის განხორციელების პროცესში.
ღონისძიება, ბოლაჯურის სასკოლო საზოგადოების ორგანიზებით, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, მისი საქმიანობის წარმოჩენისა და დაფასების კამპანიის ფარგლებში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ღვაწლმოსილი პედაგოგი ნათელა სარიშვილი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კანდიდატად არის წარდგენილი.