ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის არტემ (ალიკა) ბალახაშვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა.
მინი ფეხბურთში ერთმანეთს ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ.
საინტერესო თამაშის შემდეგ, პირველი ადგილი სოფელი უდის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე ლელოვანის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი არალის გუნდმა დაიკავა.
საპრიზო ადგილზე გასული გუნდები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ტურნირს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გოჩა ბერიძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი, მე-13 ქვეითი ბატალიონის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ნიკოლოზ ვაშაყმაძე, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიება, დაღუპული ახალგაზრდის მამის, გურამ ბალახაშვილის ორგანიზებით უკვე 15 წელია იმართება.