ადიგენში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა „მთის მდგრადი განვითარების“ ფაკულტეტის შექმნასთან დაკავშირებით ღია კარის დღე ჩაატარეს და აღნიშნული ფაკულტეტის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრისას, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც მთის მიმართ დამოკიდებულებას, ქვეყანაში მთის მდგრადი განვითარების სწავლების დამკვიდრებას, მისი აუცილებლობის და მსოფლიო მსგავსი გამოცდილებას ეხება.
პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მერიისა და საკრებულოს სამსახურის თანამშრომლები, თვითმმართველობის წარმომადგენლები, სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფაკულტეტზე სწავლას, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სრულად სახელმწიფო დააფინანსებს. 2019 წელს შექმნილმა ბაკალავრიატის ოთხმა საგანმანათლებლო პროგრამამ, (მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება, მთის მდგრადი ორგანული ფერმერული სისტემების მართვა, მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი, მთის ბუნებრივი საფრთხეები და მდგრადი გარემო), რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში მთისა და მაღალმთის საერთაშორისო უნივერსიტეტში არსებობს, აკრედიტაცია წარმატებით გაიარა, ხოლო სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ექვსი მიმართულებით იქნება, განხილვისა და მზადების პროცესშია.