სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბის “დინამო თბილისის” აკადემიის ერთობლივი ორგანიზებით, ნინოწმინდაში, საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა, რომლის მიზანსაც ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენა წარმოადგენს.
მიმდინარე წელს ფესტივალი სამცხე-ჯავახეთში უკვე მეორედ გაიმართა. გაზაფხულზე მსგავს ღონისძიებას ახალციხემაც უმასპინძლა, სადაც რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
ფესტივალი მუნიციპალიტეტების სპორტულ გაერთიანებებსა და საფეხბურთო კლუბ
“დინამო თბილისის” აკადემიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.
ღონისძიების ბოლოს საფეხბურთო ფესტივალში მონაწილე გუნდები სამახსოვრო სუვენირებით, სასკოლო ინვენტარით და თასებით დაჯილდოვდნენ.
26-27-28 სექტემბერს, “დინამოს” აკადემია რეგიონულ საფეხბურთო სკოლებში “დინამოს” მეთოდოლოგიის დანერგვის შესახებ სემინარებს ჩაატარებს, რომელსაც რეგიონის მწვრთნელები დაესწრებიან.