სამცხე-ჯავახეთში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ საჯარო განხილვა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა.
სტრატეგიის უმოკლეს ვადებში დამტკიცების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაიწყო რეგიონებში გასვლა და კონსულტაციების გამართვა.
აღნიშნული სტრატეგიის შესახებ პრეზენტაცია რეგიონული განვითარებისა და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი დიდიძემ წარადგინა.
საჯარო კონსულტაციებისას იმსჯელეს სტრატეგიის მიზნების, ამოცანებისა და მათ შესაბამისად გაწერილი აქტივობების შესახებ, რომლებიც განსაზღვრულია სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტების ფარგლებში.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გოჩა ბერიძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი და რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესისა და განათლების სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2024-2030”-ის მაკოორდინირებელ უწყებად განსაზღვრულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. დოკუმენტების დამტკიცებამდე, სავალდებულოა მათი საჯაროდ განხილვა და შესაბამისი უკუკავშირი.