სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, მოადგილემ გიორგი მიქელაძემ, ადიგენის მერმა გოჩა ქიმაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა ადიგენის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ ბალახაშვილის ქუჩაზე, სადაც დასრულდა საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ ეტაპზე ერისთავის ქუჩაზე დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის, ბიბლიოთეკისა და მუსიკალური სკოლის შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში იცვლება სახურავები, მიმდინარეობს გარე ფასადებისა და შიდა ინტერიერის განახლება.
ამასთან, თორნიკე ერისთავის ქუჩა N38-ის მიმდებარედ, მინი სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შენობაში მოეწყობა სპორტული დარბაზი, მაგიდის ჩოგბურთისა და ბილიარდის სივრცეები, გასახდელები, საშხაპეები. შენობა აღიჭურვება ცენტრალური გათბობის სისტემით.
პროექტები, რომელთა ჯამური ღირებულება 834 787 ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.