მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა მარინა გაჩეჩილაძემ კურორტ აბასთუმანში დასრულებული და მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს
ადიგენის მუნიციპალიტეტში, კურორტ აბასთუმანში, ინფრასტრუქტურული განვითარება აქტიურად მიმდინარეობს.
დასრულებული და მიმდინარე პროექტები ადგილზე დაათვალიერეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა მარინა გაჩეჩილაძემ.
კურორტ აბასთუმანში ურბანული განვითარების პროექტის ფარგლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის დაბაში კაპიტალურად მოეწყო როგორც სავალი ნაწილები, ასევე მთლიანი საკანალიზაციო სისტემა, სასმელი წყლის ქსელი, სათავე და გამწმენდი ნაგებები. სრულიად რეაბილიტირებულია აბასთუმნის ერთ-ერთი გამორჩეული რეკრეაციული სივრცე – “როშა პარკი”, სადაც მოეწყო მოსასვენებელი სივრცეები, ბილიკები და სტადიონი.
კურორტის განვითარების გეგმის ფარგლებში, დაბის შესასვლელში შენდება ელექტრომობილების დამტენებით აღჭურვილი ავტოსადგომი. ასევე განხორციელდა დაბის მწვანე და ლურჯი დერეფნების რეაბილიტაცია, რომელიც მდინარის კალაპოტისა და სახიდე გადასასვლელების, საფეხმავლო და ველო-ბილიკების, რეკრეაციული და მოსასვენებელი ადგილების მოწყობას, ცენტრალური გზის, ისტორიული და სამეცნიერო ობიექტების აღდგენას მოიცავს.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა მრავალბინიანი კორპუსების ფასადების კაპიტალური რეაბილიტაცია, XIX-XX საუკუნეების ისტორიული სახლებისა და ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია.
შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა. ასევე, აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი, რომელიც 75 აღსაზრდელზეა გათვლილი.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ კურორტის განვითარება სახელმწიფო და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფონდმა “ქართუ”-მ, რომლის ინიციატივითაც დაიწყო აბასთუმნის მასშტაბური განახლება.