„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ადიგენის მუნიციპალიტეტის 27 სოფელში უკვე ჩატარდა.
ადგილობრივებთან შეხვედრები ამჯერად ჭეჭლისა და მოხის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა. საპროექტო წინადადებების განხილვას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია გარე განათების, შიდა გზების, სასმელი და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სპორტული მოედნების, საყრდენი კედლის მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაიმართება.