ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში რაიონული კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ინგა ბოჭორიშვილმა გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას პროექტის ფარგლებში განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები გააცნო.
ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი ესწრებოდნენ.
კონფერენციის მონაწილეებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმაც მიმართა და პედაგოგების მიღწევებსა და ღვაწლზე ისაუბრა. გოჩა ქიმაძემ დღესვე საკუთარი ინიციატივაც გააჟღერა. მისი თქმით, მსგავსი სახის ნოვატორული პროექტების დასაფინანსებლად მერია 5000 ლარს, ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს გადასცემს, რათა მათ უკეთ განახორციელონ დაგეგმილი საგანმანათლებლო პროექტები.
ღონისძიებაზე, პრეზენტაციებით წარსდგნენ სკოლის დირექტორები და პედაგოგები. კონფერენციის მონაწილეებმა პროექტში, ჩართული საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ შესრულებული კომპლექსური დავალებების ნამუშევრების გამოფენაც დაათვალიერეს. დასასრულს კი მონაწილეებს სიგელებიც გადაეცათ.
კონფერენცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ზოგადი განათლების რეფორმა მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით ხორციელდება.
პროცესებში აქტიურად არიან ჩართულები ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგები და რესურსცენტრის თანამშრომლები.
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის დოკუმენტი გულისხმობს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფას, რომელიც ახალგაზრდებს XXI საუკუნის გამოწვევათა დასაძლევად შესაბამის ცოდნასა და საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს.