დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, შეხვედრები ამჯერად სოფელ საღრძეში, სოფელ აბასთუმანში, ხარჯამში, წახანში, წახანწყაროში, ქიქინეთში, ფარეხასა და ვარხანში გაიმართა.
საპროექტო წინადადებების განხილვას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მღებრიშვილი, საკრებულოსა და მაჟორიტარი დეპუტატის ადიგენის ბიუროს წარმომადგენლები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ძირითადი პრიორიტეტებია შიდა გზები, სასმელი და სარწყავი სისტემების, გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაცია და სხვა. შერჩეული პრიორიტეტები დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება და დაიწყება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცედურები.
2024 წელს პროგრამის განსახორციელებლად, ადიგენის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 648 ათასი ლარი გამოეყო. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.