26 ივნისს, საეკლესიო და საერო მოღვაწის ანთიმოზ ივერიელის (ანდრია ხურციძე-მერაბიშვილის) ხსენების დღის აღნიშვნა, სოფელ უდეში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვით დაიწყო.
ანთიმოზ ივერიელის ხსოვნის პატივსაცემად, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ, რიმნიკის მთავარეპისკოპოსმა ბარსანუფმა მხარის სხვა მღვდელმსახურებთან ერთად წირვა -ლოცვა აღავლინეს.
საღვთო ლიტურგიას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ.
სადღესასწაულო წირვა-ლოცვის შემდგომ ადიგენის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით სადღესასწაულო კონცერტი მოეწყო.
ადიგენელებს წმ.ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე მეუფე თეოდორემ, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ და მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ “ანთიმოზობის” დღესასწაული სოფელ უდეში 2005 წლიდან საეკლესიო და საერო მოღვაწის ანთიმოზ ივერიელის (ანდრია ხურციძე-მერაბიშვილის), როგორც სოფელი უდის მკვიდრის, ხსოვნის პატივსაცემად აღინიშნება.