დღეს, დაბა ადიგენში, სამხატვრო წრე საზეიმოდ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქიმაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, შმაგი ბიძიშვილმა, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან, ადიგენის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელთან და მოსწავლე-მასწავლებლებთან ერთად გახსნეს.
დღეიდან, სამხატვრო წრეზე მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების მქონე გარემოში შეძლებენ ადგილზე დაეუფლონ მრავალფეროვან სასწავლო პროგრამას, მათ შორის ხატვას, ფერწერას, ძერწვას და ხეზე მუშაობას.
„დაბა ადიგენში პირველი სამხატვრო წრე გავხსენით. ვფიქრობ, რომ მეტად მნიშვნელოვანია ადგილობრივმა ახალგაზრდებმა განავითარონ უნარები, ეზიარონ ხელოვნებას, უშუალოდ – ხატვას, ძერწვას, ხეზე მუშაობას და სხვა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ყოველთვის ვითვალისწინებთ მოსახლეობის ინტერესებს და ვცდილობთ მათ დაკმაყოფილებას. სწორედ, ადგილობრივების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გახსნილიყო სამხატვრო წრე, ასევე, სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს კიდევ ბევრი სიახლე, მათ შორის, ხატვაში მასტერკლასების ჩატარება. მოვიწვევთ ცნობილ მხატვრებს, რომლებიც დაინტერესებულ ახალგაზრდებს მასტერკლასებს ჩაუტარებენ.
მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, სამხატვრო წრეზე სწავლა ყველასთვის უფასო იქნება, სწავლის ღირებულებას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია 100%-ით დააფინანსებს.
თითოეულ მოსწავლეს გისურვებთ წინსვლას, წარმატებას. მჯერა რომ ასახელებთ საკუთარ მუნიციპალიტეტს, მხარეს და ჩვენს ქვეყანას, დარწმუნებული ვარ, ამ სივრცეში კიდევ მეტი ახალგაზრდა წარმოაჩენს თავის ნიჭს “- აღნიშნა ადიგენის მერმა გოჩა ქიმაძემ ღონისძიებაზე.
შეგახსენებთ, მსურველებისთვის სამხატვრო წრეზე ჩასარიცხად რეგისტრაცია 20 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაციისათვის დაუკავშირდით ა.(ა).ი.პ ადიგენის კულტურის ცენტრს.