მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურ რეჟიმში გრძელდება
ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
ამ დროისთვის სტიქიის ზონაში მობილიზებულია რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა, მათ შორის ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების მიერ გამოყოფილი. სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები მერიის შესაბამისი სამსახურების, კერძო სექტორისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.
გრძელდება ქვა-ღორღის გაწმენდითი სამუშაოები გზებსა და ეზოებში, პარალელურად კი მიმდინარეობს დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი სახლების დასუფთავება. საავტომობილო გზებზე გადაადგილება აღდგენილია.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის განსაზღვრის მიზნით, ადიგენის მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც უკვე მეორე დღეა სამუშაოებს ახორციელებს, ადგილზე მუშაობდა გეოლოგების ჯგუფიც, რომლებმაც არსებული ვითარება შეისწავლეს.
სალიკვიდაციო პროცესებს ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის დავალებით, კოორდინაციას მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი უწევს. პროცესში აქტიურად მონაწილეობს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და ყველა შესაბამისი სტრუქტურა.
შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა სერიოზული პრობლემები შექმნა ადიგენის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, განადგურდა პირუტყვის სადგომები, დაიხოცა პირუტყვი, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სტიქიამ დააზიანა ავტომობილები.
მერიისა და შესაბამისი უწყებების ჩართულობით სტიქიის ზონაში განხორციელდა სწრაფი და კოორდინირებული რეაგირება. დაზარალებული ოჯახები გადაყვანილი იქნა უსაფრთხო ადგილებზე. ხოლო სალიკვიდაციო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო და დღემდე აქტიურ რეჟიმში გრძელდება.