|
|
ადიგენში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ და საკრებულოს თავჯდომარემ იმედა მღებრიშვილმა მოადგილეებთან ერთად ადიგენის მუნიციპალიტეტში "საზოგადოებრივი ცენტრის" მშენებლობის მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერეს. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, საკონფერენციო დარბაზს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომას, ელექტრონულ ბიბლიოთეკასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს. საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფართომასშტაბიანი ინიციატივაა. ცენტრების მეშვეობით, მოსახლეობას საშუალება აქვს სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით. ცენტრში ასევე განთავსდება მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ოფისი. საზოგადოებრივ ცენტრში დასაქმდებიან საგანგებოდ შერჩეული და გადამზადებული ადგილობრივი კადრები, რომლებიც, ელექტრონული მმართველობის საშუალებით, გასცემენ ცენტრალური ხელისუფლებისა და კერძო სექტორის სერვისებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით დღეისათვის 52 ცენტრი ფუნქციონირებს. ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

|
|
| |
|