|
|
აბასთუმანში ტურისტული სეზონი დაიწყო აბასთუმანი ადიგენის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოცხის ხეობაში მდებარეობს. ადიგენიდან 25, ხოლო ახალციხიდან 28 კილომეტრითაა დაშორებული..
კურორტი აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება. ხეობა დაფარულია წიწვოვანი ტყით, რომელშიც ფიჭვი დომინირებს, გაზაფხულზე ფიჭვი იწყებს ყვავილობას რის შედეგადაც იგი გამოყოფს ეგრედ წოდებულ ,,მტვერს" და მიმოიფანტება ჰაერში, სუნთქვის დროს იგი ფილტვებში ხვდება რაც სასუნთქი სისტემის ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა.
აბასთუმნის თერმული წყლების სამკურნალო თვისებები საყოველთაოდაა აღიარებული.
ცნობილი ისტორიკოსი, გეოგრაფი და კარტოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი წერდა, რომ ახლანდელ კურორტ აბასთუმნის ადგილას ჯერ კიდევ XIV საუკუნეში ყოფილა მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ოძრხე და არსებობდა სახელგანთქმული სამკურნალო წყლები. XIX საუკუნის 30-იან წლებში, შესაძლებელი გახდა თერმული სამკურნალო წყლების მეცნიერული შესწავლა.
ჩატარებული ანალიზის შედეგად მას აბასთუმნის ქლორნატრიუმსულფატკალციუმიანი ჰიპერთერმული სამკურნალო წყლები ეწოდა. სამკურნალო წყლები სათავეს 1200 მ სიღრმიდან იღებს და გამოდის მდინარის ხეობაში სამი წყაროს სახით. წყლის ტემპერატურა 39°°- 48°-ია. ყველა წყაროს საერთო დებიტი დღეღამეში ერთ მილიონ ლიტრზე მეტია. წყლებს აბაზანების მისაღებად იყენებენ – რევმატიული, გინეკოლოგიური, დერმატული, ნერვული დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობების და ქრონიკული წყლულების სამკურნალოდ.
 
|
|
| |
|